მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული არაერთი შეზღუდვა მოქმედებს, საჭიროების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, პირობები კიდევ უფრო გამკაცრდეს, - აღნიშნული განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა გორში მოქმედ საგუშაგოებზე არსებული მდგომარეობის გაცნობისას გააკეთა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული წესების დარღვევის მხოლოდ 6 ფაქტი დაფიქსირდა, შესაბამისად, აღნიშნული 6 პირი დაჯარიმდა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს საზოგადოებას - დარჩი სახლში, ეს არ არის უბრალოდ მოდური სიტყვა და ნიშნავს იმას, რომ სახლში უნდა დარჩეთ იმისთვის, რომ ნაკლები საფრთხე შეუქმნათ საკუთარ თავსაც და ირგვლივმყოფებსაც. გამკაცრებული პირობები მოქმედებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ვირუსული ინფექციის გავრცელება. ამჟამად, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული არაერთი შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა, თუ საჭიროდ ჩაითვლება, გამორიცხული არ არის, საგანგებო მგდომარეობის პირობები კიდევ უფრო გამკაცრდეს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე კვლავ მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს.