საზოგადოება
07.04.2020 21:55
ახალბაღში ძველი ატრაქციონების დემონტაჟი თითქმის დასრულდა, როგორ გამოიყურება გორის მთავარი პარკი და რა სახის ატრაქციონების მონტაჟი იგეგმება

გორის კულტურისა და დასვენების პარკი მიმდინარე წლის ზაფხულს ახალი ატრაქციონებით შეხვდება. ახალბაღში ძველი ატრაქციონების ინფრასტრუქტურის დემონტაჟი თითქმის დასრულებულია და ახლით ჩანაცვლება იგეგმება. თანამედროვე სტანდარტების მქონე ატრაქციონების შესყიდვის მიზნით გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომელიც 7 ერთეული ატრაქციონის მიწოდებასა და დამონტაჟებას ითვალისწინებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, მალხაზ ლალებაშვილის ინფორმაციით, ახალბაღის სარეკრეაციო სივრცის განახლებაზე მუშაობა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შედეგად განვითარებული მოვლენების მიუხედავად, შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ახალბაღში, ბავშვთა გასართობი მოწყობილობების გასაახლებლად საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯება. ამ დროისთვის, ატრაქციონების ძირითადი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა, პარალელურად, დაწყებულია ახალი ატრაქციონების წინასამონტაჟო სამუშაოებიც. უფრო კონკრეტულად კი, გეტყვით, რომ ამჟამად, რეკონსტრუქცია უტარდება ძველი „ავტოდრომის“ შენობას, სადაც მალე ახალ საბავშვო ავტომობილებს განვათავსებთ“, - გვითხრა მალხაზ ლალებაშვილმა.

პროექტის მიხედვით, ახალბაღში 2 ერთეული „კარუსელის“, „მფრინავი სკამების“, 2 ერთეული „ელექტრომატარებლის“, „მფრინავი გემისა“ და „მოძრავი კალათის“ განთავსებაა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, ახალი ატრაქციონები ექსპლოატაციაში 1 ივნისიდან შევა. (იხ. ფოტოგალერეა)












კვირის ამბები