ტურიზმი
07.04.2020 13:51
საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა სადაც ტურისტები მოგზაურობას დაიწყებენ - ზურაბ პოლოლიკაშვილი
„ვფიქრობთ, ტურიზმი იქნება სფერო, რომელიც აღადგენს და დაძლევს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც დღეს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო გვაქვს" - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა. რაც შეეხება საქართველოს, პოლოლიკაშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან დროული და ეფექტური იყო, ამიტომაც გამორიცხული არაა სწორედ საქართველო გახდეს ერთ-ერთი მოწინავე და პირველი ქვეყანა, სადაც ტურისტები მოგზაურობას დაიწყებენ.
 
„სიტუაცია არის ძალიან რთული, მაგრამ არა - უიმედო. ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით თითოეულ რეგიონს, გვაქვს ურთიერთობა რეგიონების ლიდერებთან და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ იმას, რომ ტურიზმი იქნება სფერო, რომელიც აღადგენს და დაძლევს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც დღეს გვაქვს. კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ალბათ, პირველი ეტაპზე ქვეყნის შიგნით მოგზაურობა დაიწყება და სწორედ ამაზე იქნება აგებული მენტალური წნეხის გადალახვა. მე თავიდანვე ვუყურებდი იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და მთავრობა ახორციელებდა. ნაბიჯები იყო ძალიან ეფექტური; საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მცირეა და ალბათ ყველა მოგზაურობის მსურველი გაითვალისწინებს იმ შეფასებას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აძლევს. ძალიან მალე, საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მოწინავე და პირველი ქვეყანა, სადაც ტურისტები დაიწყებენ მოგზაურობას. უფრო მეტიც, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარება თბილისში, შეიძლება ისტორიულიც აღმოჩნდეს “, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა
 
ცნობისთვის, საქართველო, ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას 2020 წლის ივნისში უმასპინძლებს. სხდომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე მინისტრი და 300 დელეგატი დაესწრება.
კვირის ამბები