მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას გორში მოქმედი მარკეტებიც შეუერთდნენ.
შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ კამპანიას შეუერთდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ თანამოქალაქეების დახმარებაში. ,,წითელი ჯვრის” მოხალისეები მსურველებს ადგილზე უწევენ რეკომენდაციას, რომელი პროდუქტებით დახმარებაა მიზანშეწონილი. გორის 4 სუპერმრკეტში მოეწყო „წითელ ჯვრის“ კუთხეც, სადაც მსურველებს პროდუქტის დატოვება შეუძლიათ.
შეგროვილი პროდუქტები მოხალისეების დახმარებით სამიზნე ოჯახებს გადაეცემა. აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულიც გაეცნო და თავადაც შეუერთდა.
,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ძალზე მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა. ამ ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ, თითოეული მოქალაქე ვეხმარებით იმ პირებს, ვისაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდნარე ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა“, - აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.
ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.