„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს და როგორც ხედავთ, ჯერჯერობით, კარგადაც ვუმკლავდებით გამოწვევას“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტიე თავზარაშვილმა GMnews-თან საუბრისას.
გორის მერის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლი, ამასთან, გორის მერია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს შსს-ს, თავდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რათა მუნიციპალიტეტში კორონავიორუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.
„საბედნიეროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გვაქვს, რაც შეეხება მეჯვრისხევის ფაქტს, შესაბამისი სამსახურების მხრიდან, მიმდინარეობს კვლევა და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი დაბეჯითებით რაიმეს თქმა, თუმცა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეს პირი სომხეთში დაინფიცირდა. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პირი, ამჟამად, საქართველოში არ იმყოფება და მკურნალობა სომხეთში უტარდება. ამასთან, გამოვლენილია ყველა საეჭვო კონტაქტი ამ პირთან მიმართებაში და ყველა ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. სხვა მხრივ, მუნიციპალიტეტი ჩვეულებრივ აგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას და ჩვენი მოხალისეები „იოანე მოწყალის სახელობის უპოვართა სასადილოს“ ბენეფიციარებს სადილს სახლში აწვდიან. გარდა ამისა, ამ მძიმე პერიოდში, ძალიან ბევრმა მოქალაქემ გამოთქვა გაჭირვებულთა დახმარების სურვილი და გვაქვს შემოწირულობები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე სოციალური სამსახურის მიერ მოწოდებული სიებით ვხელმძღვანელობთ და ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოხალისეთა ჯგუფის წევრები მოქმედებენ შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.