ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს მაცხოვრის წმინდა საფლავიდან გადმოსული ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან - აღნიშნულის შესახებინფორმაცია საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა გაავრცელა.
„მოგახსენებთ, რომ ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება, შესაბამისად, წელს, მაცხოვრის საფლავის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაული განსხვავებულ პირობებში გაიმართება. ღვთისმსახურებას მხოლოდ 15-მდე აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი დაესწრება, ხოლო წმინდა ცეცხლის გაგზავნა მართმადიდებლურ ქვეყნებში შესაბამისი დელეგაციებისა და ისრაელის პოლიციის ესკორტის დახმარებით მოხდება. ამიტომაც ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა, წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან შეუფერხებლად მოხდეს“, - აღნიშნა ელჩმა.
როგორც ცნობილია, საქართველოში წმინდა ცეცხლს Georgian Airways-ის თელ ავივი-თბილისის სპეცრეისით ჩამოიტანენ. ავიარეისი 18 აპრილს, საღამოს შესრულდება. სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს ის მოქალაქეებიც დაბრუნდებიან, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნება სურთ.