საზოგადოება
06.04.2020 18:28
გახდება თუ არა სავალდებულო 60 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა

60 წელს გადაცილებული და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან - აღნიშნულ გეგმაზე სახელმწიფო უკვე მუშაობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მოსახლეობის ზემოხსენებულ კატეგორიებში პნევმოკოკით ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა. ამასთან, ტიკარაძის ინფორმაციით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ აღნიშნული ვაქცინაცია მოწყვლადი ჯგუფებისა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდეს.

„გავლილი პერიოდის განმავლობაში, ჩვენი სპეციალისტების მხრიდან სიკვდილიანობის გამომწვევი და ძირითადი დაავადებების გაანალიზება მოხდა. აქ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად და ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე, მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც საქართველოში ვგეგმავთ. ეს არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა - 60 წელზე ზევით მოსახლეობისა და მოწყვლადი ჯგუფების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია იმ ადამიანებისა, რომლებზეც ვცდილობთ განვახორციელოთ ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ჩვენს ყველა მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ საქართველოში ეს შევიდეს სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოქალაქეებში ამ ვაქცინის განახლება მოხდეს,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კვირის ამბები