საზოგადოება
06.04.2020 14:25
აღსრულების ბიურომ მუშაობა დისტანციურად განაახლა, სანოტარო მომსახურება კი - რამდენიმე ლოკაციაზეა ნებადართული
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ნოტარიუსთა პალატამ საქმიანობა განაახლეს, ხვალიდან ეროვნული არქივის, ასევე, სამოქალაქო და საჯარო რეესტრების მუშაობის განახლებაც იგეგმება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს დილიდან განაახლა მუშაობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ელექტრონული დისტანციური წესით. ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს, ეს გახლავთ გამოსახლებები. აღსრულების ბიუროს სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა გამოიყენოს კომუნიკაციის ელექტრონული ფორმები - ელ.ფოსტა, „ფეისბუქი“ ან ცხელ ხაზზე მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. აქვე გეტყვით, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში იმუშავებს დოკუმენტების ასლებით და თუკი მაინც დედანი დოკუმენტის მიტანა გახდა საჭირო, შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები მის მიტანას და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთან კონტაქტის გარეშე დატოვებას შეძლებენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, სანოტარო მომსახურებისთვის გამოყოფილია რამდენიმე ლოკაცია და ეს მომსახურება ხელმისაწვდომია დედაქალაქის და რამდენიმე ქალაქის მასშტაბით.

„დღეს დილიდან თბილისში უკვე გვაქვს სამი სხვადასხვა ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სანოტარო მომსახურება, ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის N2-ში, ასევე ეროვნული არქივის შენობა საბურთალოზე და იუსტიციის სახლში მოთავსებული ქორწინების სახლი. ასევე, სანოტარო მომსახურებები დღეს დილიდან ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე. დავაკვირდებით, რა ტემპით შეძლებენ ნოტარიუსები საკუთარი თავის აღჭურვას და ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად და ზედმიწევნით დაცვას, სწორედ ამის პირდაპირპროპორციულად გაიცემა იუსტიციის სამინსიტროს მიერ თანხმობა, რომ უფრო მეტი ლოკაცია გაჩნდეს საქართველოში სანოტარო დროებითი ბიუროების სახით“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ხვალიდან დისტანციურ რეჟიმში განაახლებს მუშაობას ეროვნული არქივიც, ხოლო ოთხშაბათიდან ასევე ელექტრონულ მომსახურებას განაახლებს სამოქალაქო რეესტრი და საჯარო რეესტრი.
კვირის ამბები