ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადია და ფაქტის ჩამდენს სხვადასხვა სანქცია ემუქრება. ჯარიმის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს, მაგრამ თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სამინისტროს ცნობით, პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე აკრძალულია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ტყეში ბზის მოპოვებისგან. თითოეულ გამოვლენილ კანონდარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს. ამასთან, ბზის მოპოვება ნებარდართულია კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან.
ცნობისთვის, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე შაბათს აღნიშნავს და წელს, ეს თარიღი 12 აპრილსაა.