სპორტი
06.04.2020 13:47
სპორტის საერთაშორისო დღეს მსოფლიო განსხვავებულად აღინიშნავს

საერთაშორისო ორგანიზაციის - „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აქტივობები ონლაინ სივრცეში მიმდინარეობს.

წლეულს, მსოფლიო მასშტაბით, ამ ღონისძიების მთავარი მესიჯია - „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.

საერთაშორისო ორგანიზაციამ ამ დღის აღსანიშნავად მონაწილე ქვეყნებისთვის სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა.

მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს ონლაინ სივრცეში საინტერესო აქტივობებს სთავაზობს რამდენიმე მიმართულებით: ვიდეო, ფოტო და ესეების კონკურსი, ონლაინ შეხვედრები ცნობილ სპორტსმენებთან და ტრადიციული კამპანია თეთრი ბარათებით.

გაერო-ს ინიციატივას „სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“, საქართველო 2014 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ეს დღე ჩვენს ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ არიან. ასევე, სპორტის დღის აღნიშვნაში ყოველწლიურად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტული ფედერაცია.

კვირის ამბები