ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი არის თვითიზოლაციაში მკაცრი კონტროლის ქვეშ - გუბერნატორი
განვლილი ორი დღის განმავლობაში რეგიონში რაიმე ტიპის განსაკუთრებული გართულების შემთხვევები არ გვქონია, - აღნიშნული განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა საგუშაგოების შემოვლისას გააკეთა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, მეჯვრისხევის მაცხოვრებელთან, რომელსაც კოვიდინფიცირება სხვა ქვეყანის ტერიტორიაზე დაუდასტურდა, შესაძლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი მკაცრი კონტროლის ქვეშ არის თვითიზოლაციაში.
„როგორც წინა დღეებში, დაფიქსირდა რამდენიმე ერთეული წესების დარღვევის ფაქტი, თითოეულ მათგანზე არის მკაცრი რეაგირება. ასევე, მინდა ვუთხრა რეგიონის მოსახლეობას, რომ შესაბამისი სამსახურები, პირველ რიგში ვგულისხმობ სამართალდამცავებს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სრულიად კოორდინირებულად მუშაობენ და ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც მათი ჩართულობა არის საჭირო, არის მაქსიმალურად დროული რეაგირება.
რაც შეეხება მეჯვრისხევს, პირადი მონაცემების დაცვის გათვალისიწინებით, არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ ვეტყვი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, რომ გამოვლენილია ყველა შესაძლო და თეორიული კონტაქტი ამ ადამიანთან და კონტაქტში მყოფი ყველა პირი არის თვითიზოლაციაში, მკაცრი კონტროლის ქვეშ. თავად ინფიცირებული ამჟამად არ იმყოფება საქართველოში”, - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ერთ-ერთ მაცხოვრებელს, რომელიც ტრაილერის მძღოლია, ახალი კორონავირუსით ინფიცირება სომხეთის ტერიტორიაზე დაუდასტურდა. ჯერჯერობიც უცნობია, სად მოხდა მამაკაცის დაინფიცირება.