04.04.2020 12:35
შიდა ქართლში ყველა აგრარული ბაზარი იხურება
შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი აგრარული ბაზრები დღის ბოლომდე დაიკეტება. საგანგებო შტაბის ამ გადაწყვეტილების შესახებ მოვაჭრეებს უკვე აცნობეს. რეგიონის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის თქმით, ბაზრების დროებითი დახურვა მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის გადაადგილებას შეამცირებს.
„გუშინ საღამოს გვქონდა შტაბის შეკრება, ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეგიონის ჭრილში მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მაღალი რისკების გათვალისწინებით, შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება აგრარული ბაზრების მუშაობის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამ ნაბიჯით, კიდევ უფრო შემცირდება მუნიციპალიტეტებს შიგნით მოსახლეობის გადაადგილება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, რეგიონში 6 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს, მათ შორის 2 გორში.