საზოგადოება
03.04.2020 13:12
შიდა ქართლის მოსახლეობაში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება - გუბერნატორი

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მონიტორინგისას, გუშინდელთან შედარებით, განახევრებულია დარღვევების ფაქტები - აღნიშნული განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა რეგიონში მოქმედი საგუშაგოების შემოვლის შემდეგ გააკეთა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე, შიდა ქართლის მოსახლეობაში  კორონავირუსით ინფიცირების არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

„გუშინ, 4000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა და ყველა მათგანი გადაყვანილია დამატებითი კვლევების ჩასატარებლად კლინიკაში, თუმცა, კორონავირუსით ინფიცირება არ დასტურდება. რაც შეეხება ჰოსპიტალში არსებულ მდგომარეობას, პაციენტთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით მცირედით არის გაზრდილი, თუმცა, რამდენადაც ვიცი, რომელიმე პაციენტთან მიმართებაში გართულებას ადგილი არ ჰქონია და ჰოსპიტალის ხელმძღვანელობა სრულად აკონტროლებს სიტუაციას. აქვე გეტყვით, რომ რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის, 135 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დარჩეს სახლში, ამით გაუფრთხილდეს საკუთარ თავს და გარშემომყოფებს“, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

კვირის ამბები