საზოგადოება
03.04.2020 12:51
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკური ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ვაქცინაციას, სადიაგნოსტიკო კვლევებს და ინდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით ახორციელებს და ფერმერებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ ვეტერინარებთან და ვეტერინარული მანიპულაციების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას ხელი შეუწყონ.
„სააგენტოს ვეტერინარები დაავადებების - თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საკარანტინო ზონებშიც ატარებენ. მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა დაავადების სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და დიაგნოსტიკა. სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდება. ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს გეგმის შესაბამისად მომავალშიც გააგრძელებენ, ამიტომ მოვუწოდებთ თითოეულ ფერმერს საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ და ამა თუ იმ მომსახურებაზე კვალიფიციური დახმარება მიიღონ“ - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
კვირის ამბები