გასული დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში მოქმედ ცხელების ცენტრებს 15-მა პაციენტმა მიმართა, - აღნიშნულის შესახებ „გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ჭეიშვილმა განაცხადა.
„გუშინ ჩვენს ქოლცენტრში შემოსული ზარებიდან 15 პაციენტის მართვა მოხდა. აქედან 1 საეჭვოდ ჩავთვალეთ და გამოვიძახეთ 112. პაციენტი ყველა წესის დაცვით გადმოიყვანეს ცხელების ცენტრში, მას ჩაუტარდა შესაბამისი კლინიკური კვლევები, ასევე, გადაიგზავნა ტესტი შესამოწმებლად, თუმცა, კორონავირუსზე ტესტი უარყოფითია, შესაბამიდასად, ეს ქალბატონი არ არის დაავადებული კოვიდ ვირუსით. საერთო ჯამში, დღე-ღამის განმავლობაში გორის ცხელების ცენტრში 12 პაციენტი შემოვიდა, აქედან 4 გადაყვანილია კლინიკაში, რადგანაც სხვა დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. 5 პაციენტი გაწერილია ბინაზე და სახლში აგრძელებს მეთავლყურეობის ქვეშ მკურნალობას. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, რამდენიმე საათით დარჩებიან ცხელების ცენტრში დაკვირვების მიზნით, ვინაიდან არც ამ პირებზე არ გვაქვს ეჭვი კოვიდზე. რაც შეეხება ხაშურს, ხაშურში შემოვიდა 2 პაციენტი, 1 გადაყვანილია სტაციონარში, 1 რჩება ცხელების ცენტრში, თუმცა, ვფიქრობთ, რომ გადავიყვანოთ სტაციონარში, ვინაიდან გამოხატულია ტონზილიტი, ეს გახლავთ სრულიად განსხვავებული დაავადება, რომელსაც კორონასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ვასილ ჭეიშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვირუსული ინფექციის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებების ფარგლებში, ე.წ. ცხელების ზონები გუშინ ამოქმედდა. შიდა ქართლში, სპეციალური სივრცეები რეგიონში მოქმედი „გორმედის“ ქსელის გორის და ხაშურის საავადმყოფოებში მოეწყო.