საზოგადოება
03.04.2020 01:24
გემუდარები, დარჩი სახლში! ამას გთხოვ მე, იტალიაში, რეჯო ემილიაში მცხოვრები ერთი ქართველი, რომელიც გამოკეტილია და მთელი თვეა მიწაზე არ დაუდგამს ფეხი

გევედრებით, ჩემო ქართველებო, დავიცვათ წესები და დავრჩეთ სახლებში. თვითიზოლაცია ერთ-ერთი გზაა ამ ვირუსის დასამარცხებლად, - წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე იტალიაში, წითელ ზონად გამოცხადებულ რეჯო ემილიაში მცხოვრები გორელი, ცხინვალიდან დევნილი ჟურნალისტი მაია მღებრიშვილი.

,,სამყარო ნიღბებშია - კორონავირუსმა შეცვალა ცხოვრება. ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, უნდა გადავრჩეთ. მესმის, რომ პანიკა საჭირო არაა, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ როგორ?.. როცა ხედავ, რომ რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები საკმარისი არაა, რომ ექიმებს ქანცი გამოეცალათ და თვითონაც ავადდებიან. ,,ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ 60-65 წლის ასაკის პაციენტები. 85-90 წლის ხალხზე აღარც კი ვსაუბრობთ. მოხუცები ,,მიდიან", რადგან ჩვენ ვირჩევთ, რომ გადავარჩინოთ შედარებით ახალგაზრდები. ამას ჩვენ ვწყვეტთ. სიტუაცია ძალიან დრამატულია”, - ამბობს იტალიაში მყოფი ბერძენი ექიმი.
დიახ, დავიღალეთ. აქ მხოლოდ სიკვდილის ქრონიკებია. ყოველდღე ასობით ადამიანის გარდაცვალების ამბებს ვისმენთ. უსიცოცხლო, დადუმებულ ქუჩებს დროდადრო სასწრაფო მანქანის ხმაური არღვევს და გული გეკუმშება, რომ კიდევ ვიღაცას უჭირს, რომ კიდევ ვიღაცაა ცუდად...
დიახ, ეს ომია. ჩვენ ომში ვართ და მადლობა უფალს, რომ ამ ომში გამარჯვებულებიც არიან. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.
ჩვენ, ემიგრანტებს, უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გვიწევს მუშაობა. სხვის ოჯახებში გამომწყვდეულები, ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
ამ გაუსაძლის ყოფას სამშობლოში თანამემამულეების, თანაქალაქელების, ახლობლების, მეგობრების სადარდელიც შეემატა. გევედრებით, ჩემო ქართველებო, დავიცვათ წესები და დავრჩეთ სახლებში. თვითიზოლაცია ერთ-ერთი გზაა ამ ვირუსის დასამარცხებლად.
თავიდან აქაც ყველაფერი ისე იყო, როგორც ახლა საქართველოშია, მაგრამ არ მივაქციეთ სათანადო ყურადღება. ვერ შევაფასეთ ვირუსის სიძლიერე და აი, შედეგიც...
გემუდარები, დარჩი სახლში! ამას გთხოვ მე, იტალიაში, რეჯო ემილიაში (რეგიონი, რომელიც თავიდანვე მოექცა წითელ ზოლში) მცხოვრები ერთი ქართველი, რომელიც გამოკეტილია და მთელი თვეა მიწაზე არ დაუდგამს ფეხი; რომელსაც სულ ცოტაოდენი მანძილი აშორებს საკუთარ შვილთან და ვერ ნახულობს; რომელსაც ძალიან უჭირს საქართველოში დარჩენილი, მომლოდინე და შეშინებული დედის თვალების დანახვა...
მაგრამ არის ,,მიზანი - რომელიც სიცოცხლეზე მეტია. მე სხვა გზა არ მაქვს, ჩემს გვერდით ჩემი შვილია და იქ, საქართველოში კი დედა მელოდება. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ...
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი. მალე გამოიდარებს. ღრუბლებს მიღმა მზეა მეგობრებო. სულ მალე გათენდება ის დღე, ერთმანეთს მაგრად რომ ჩავიხუტებთ გულებში და ის დღე, ყველაზე დიდი ჩახუტების დღე იქნება დედამიწაზე”, - წერს მაია მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.


კვირის ამბები