სამართალი
02.04.2020 22:11
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინა

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში, 24 საათიანი მონიტორინგი გრძელდება.

სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში,  ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით შსს-მ გაავრცელა.

უწყების ცნობით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დაჯარიმდა.

გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო პოლიციამ 75 მოქალაქე დააჯარიმა.

1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა და შესაბამისად, ყველა დამრღვევს დაეკისრა საჯარიმო სანქცია.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 415 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კვირის ამბები