პირველი ონლაინ ლიტერატურული საღამო 3 აპრილს, პარასკევს, 17:00 საათზე შედგება - დავით ახლოური
საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ახლოურის ინიციატივით, პოეზიისმოყვარულებისთვის, ლიტერატურულ საღამოებს ონლაინ რეჟიმში მოაწყობენ. მონატრებული მკითხველისა და თანამედროვე ავტორების პირველი ვირტუალურ შეხვედრა სამ აპრილსაა ჩანიშნული.
„როგორც დაანონსებული გვქონდა, ვიწყებთ ონლაინ საღამოების ჩატარებას. ვფიქრობ, ამით პოეტები და მკითხველები მცირედით მაინც გავინელებთ ერთმანეთის მონატრებას. პირველი ონლაინ ლიტერატურული საღამო 3 აპრილს, პარასკევს, 17:00 საათზე ჩავნიშნეთ. მოვიკითხავთ ერთმანეთს, მოვეფერებით, გავამხნევებთ, ახალ ლექსებს გავაცნობთ და მოვიფიქრებთ მომავალი საღამოები როგორ გავულამაზოთ ერთმანეთს, ანუ, როგორც აღვნიშნე, ეს შეხვედრა ძირითადად აზრთა-გაცვლა გამოცვლას დაეთმობა. სამომავლოდ კი, გაცილებით შორსმიმავალი გეგმები გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ვირტუალურ საღამოებში ჩართვის სურვილი საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც გამოთქვს და ვიმედოვნებ, ასეთი მასშტაბური ურთიერთობებისთვის საკომუნიკაციოდ რაღაც გზას აუცილებლად გამოვნახავთ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას დავით ახლოურმა.
საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პირველი ვირტუალური შეხვედრა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წარმატებით შედგება, რაშიც თანამოაზრეების აქტიურობის იმედი აქვს.