საზოგადოება
02.04.2020 15:58
COVID -19-ით ინფიცირებული მსუბუქი სიმპტომების პაციენტები მკურნალობას ოჯახის ექიმის ზედამხედველობის ქვეშ სახლში გაივლიან
კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი სიმპტომების პაციენტები მკურნალობას ოჯახის ექიმის ზედამხედველობის ქვეშ შინ გაივლიან. მათი ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ მდგომარეობის გართულების შემთხვევაში მოხდება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იანვარში, ჩინელი ექიმებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პაციენტთა 80%-ს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშავეს გეგმა, რომლის თანახმადაც, მსუბუქი პაცინტების მოვლა ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით განხორციელდება.
„თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი, ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი ნაკრების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება ბინაზე. ეს არის ძირითადი სქემა, რითაც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციისა და კოორდინაციის შემდეგ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
როდიდან აპირებს ჯანდაცვის სისტემა ამ სქემით მოქმედებას, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
2 აპრილის 14:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.
კვირის ამბები