საზოგადოება
02.04.2020 15:23
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 729 დევნილი ოჯახი ერედვის გამგეობისგან სასურსათო კალათას მიიღებს

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დევნილი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების (სასურსათო კალათა) გაცემა დაიწყო. ერთჯერადი დახმარება თითოეულ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი საკვები პროდუქტების (50 კილოგრამი ფქვილი, 10 კილოგრამი შაქარი, 10 ლიტრი ზეთი) გადაცემას ითვალისწინებს. როგორც GMnews-ს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, საკვები პროდუქტების შეტანა ყველა დევნილთა დასახლებაში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„ჩვენი მოსახლეობისთვის, ანალოგიური დახმარება ყოველწლიურად გვაქვს და სოციალური დახმარების გაცემის წესის ფარგლებში ვახორციელებთ, თუმცა,  ამ აქტივობას, უმეტესად, წლის ბოლოს მივმართავთ ხოლმე. ახლა კი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, მოქალაქეებისთვის აღნიშნული სასურსათო კალათა შეგვეთავაზებინა. აქვე გეტყვით, რომ ის ოჯახები, რომლებიც განსახლებული არ არიან დევნილთა დასახლებებში, სასურსათო კალათის სანაცვლოდ მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 100 ლარის ოდენობით. ამ ეტაპზე, სწორედ განაცხადების მიღება მიმდინარეობს და დაზუსტებულ ციფრებს ვერ გეტყვით, რამდენი ოჯახი რომელი შეთავაზებით ისარგებლებს. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახლებულ ჩვენს მოსახლეობას, გეტყვით, რომ გორის დევნილთა შვიდ დასახლებაში ერედვის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 729 ოჯახი ცხოვრობს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა.

როგორც ერედვის მუნიციპალიტეტში განმარტეს, მსგავს დახმარებას, ყოველწლიურად 2000 ოჯახს უწევენ, აქედან 1400 - სასურსათო კალათას იღებს, 600 კი - 100-ლარიან ვაუჩერს.

კვირის ამბები