საზოგადოება
02.04.2020 15:14
შიდა ქართლის ორ საავადმყოფოში - გორსა და ხაშურში ე.წ. ცხელების ზონები ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვირუსული ინფექციის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლში ე.წ. ცხელების ზონები ამოქმედდა. სპეციალური სივრცეები რეგიონში მოქმედი ,,გორმედის“ ქსელის გორის და ხაშურის საავადმყოფოებში მოეწყო. სამედიცინო ქსელის გენერალური დირექტორის, ვასილ ჭეიშვილის ინფორმაციით, საავადმყოფოები აბსოლუტურად შეიარაღებულია  იმისათვის, რომ ყველა შემთხვევა მკაცრად, პროტოკოლის მიხედვით მართოს.
,,შიდა ქართლის რეგიონში ჯანდაცვის სამინისტროსთან და 112-თან ერთად ამოქმედებულ სპეციალურ ცხელ ხაზს სრულად ემსახურება ,,გორმედის“ ქსელი. ცხელი ხაზზე 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ კვალიფიციური ოჯახის ექიმები, რომლებიც სპეციალურად დატრენინგდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. აღნიშნული ექიმები, 112-ზე ზე შესული შეტყობინების საფუძველზე უკავშირდებიან პაციენტებს, რომლებსაც რაიმე პრობლემა აქვთ, რაიმე სიმპტომატიკა უფიქსირდებათ. სპეციალური ალოგორითმის მიხედვით ხდება შეფასება, როგორ უნდა მოიქცეს შემდგომ პაციენტი. თუ აქ არ არის არავითარი ნიშანი გამოხატული, პაციენტი რჩება სახლში და გაწერილია თარიღების მიხედვით, რამდენ ხანში ერთხელ უნდა დავუკავშირდეთ ისევ ამ პაციენტს. პარალელურად, ჩვენ ვართ ინტერაქტივში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს არ ველოდებით და ჩვენ თვითონ ვუკავშირდებით.

უკვე მოეწყო ე.წ. ცხელების ზონები, ანუ გამოყოფილია სპეციალური სივრცე ჩვენს დაწესებულებებში, სადაც საეჭვო პაციენტები ხვდებიან. 112-თან კონტაქტის საფუძველზე, ჩვენი ექიმის რეკომენდაციით გადის ჯგუფი გამოძახებაზე და მოჰყავს საეჭვო პაციენტი კლინიკაში, სადაც უტარდება პროტოკოლით გაწერილი კვლევები. ის პაციენტები, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას, ბრუნდებიან სახლში, ის შემთხვევები კი, რომლებიც საჭიროებს შემდგომ რეფერალს  სიმძიმიდან გამომდინარე, ხდება მათი რეფერირება. შიდა ქართლის რეგიონში სპეციალურ ცხელ ხაზს სრულად ემსახურება ,,გორმედის“ ქსელი, რაც შეეხება ე.წ. ცხელების ზონებს, მოქმედებს ,,გორმედის“ ქსელის გორის კლინიკასა და  ხაშურის კლინიკაში. ამ მომენტისათვის, საავადმყოფოები აბსოლუტურად შეიარაღებულია  იმისათვის, რომ ყველა შემთხვევა მკაცრად, პროტოკოლის მიხედვით მართოს”, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.

კვირის ამბები