საზოგადოება
02.04.2020 15:12
ვის შეეხება მთავრობის მიერ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათები

თითოეულ ოჯახს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება გადასახადები. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა.

სოციალურ ქსელებში, საზოგადოება ზემოხსენებული ციფრების თანხობრივ განმარტებებს ითხოვს, იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქსა და რეგიონებს სხვადასხვა ენერგო კომპანიები ემსახურება და ტარიფებიც განსხვავებულია, GMnews გთავაზობთ შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი ტარიფების დაანგარიშებას.

ელექტროენერგიის საფასური, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს რეგიონშიც მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვრება. 101 კვტ/სთ-დან 301კვტ/სთ-ის ჩათვლით, ელექტროენერგიის საფასური 18.2133 ლარს შეადგენს. შესაბამისად, შეღავათით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 36.4266 ლარს იხდიან.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ამ შემთხვევაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ აბონენტებს, ვისი გადასახადიც, თვის განმავლობაში 114 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სულ 1 200 000 ოჯახია ისეთი, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვის განმავლობაში არ აღემატება 200 კილოვატს. რაც შეეხება ბუნებრივი აირის აბონენტებს, შეღავათით მოსარგებლეთა რაოდენობა, მინისტრის ინფორმაციით, 671 000-ს შეადგენს.

მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათები, ამავდროულად, ვრცელდება დასუფთავებისა და წყლის გადასახადზეც.

კვირის ამბები