„საქართველოს ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“ - აღნიშნულის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, იმართებოდა ხალხმრავალი თავყრილობები, ამიტომაც, ამ ეტაპზე, აფხაზეთის რეგიონში არის ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი, რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა არ აქვთ.
„პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვესტუმრე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას. ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის აღჭურვა რამდენიმე დღეში ინტენსიურ რეჟიმში მოხდება, იმისთვის, რომ იყოს მზაობა, მოემსახუროს პაციენტებს, როგორც ზუგდიდიდან ისე საოკუპაციო ხაზის მეორე მხრიდან - აფხაზეთიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვავრცელებთ ინფორმაციას, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე და ვაწვდით მოსახლეობას ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაიცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების დაცვა, პირადი ჰიგიენიდან დაწყებული, სოციალური დისტანცირებით დასრულებული, ეს არის ყველაზე ქმედითი ზომა პრევენციისთვის. რაც შეეხება უკვე დიაგნოსტიკას და მართვას, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზაობა, პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ადგილზე გარკვეული ღონისძიებების გატარებისთვისაც. ამ დროისთვის, აფხაზეთის რეგიონიდან, სოფელ საბერიოდან გადმოყვანილია 50 წლამდე ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და აქვს მოგზაურობის ისტორია რუსეთის ფედერაციაში. ამ ქალბატონს ჩაუტარდა ტესტირება და საღამოსთვის გვეცოდინება პასუხი კორონავირუსზე დადებითია თუ უარყოფითი, რის შემდეგადაც უკვე მივიღებთ დამატებით ზომებს. ქალბატონი იმყოფება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, მინისტრის თქმით, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც წითელი ჯვარის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა. ამიტომ, სახელმწიფო ცდილობს სწორედ ამ პარტნიორის მეშვეობით გადადგას ნაბიჯები, რათა მოსახლეობას მძიმე მდგომარეობა შეუმსუბუქოს და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გარკვეული ღონისძიებები გაატაროს.