საზოგადოება
01.04.2020 17:20
ყველა მთავარ ქალაქში კონტროლდება შესასვლელები. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება ჩაკეტვა, სწრაფად მოხდება პერიმეტრის გადაკეტვა - ვახტანგ გომელაური

,,მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზი, რამდენიმე დღის წინ, ბატონ პრემიერთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მოვინახულეთ სამეგრელოს რეგიონი, ახლა კი, შიდა ქართლში ვიმყოფებით, აქაც სიმშვიდეა. გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს ძალები მოვაკელით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და კრიმინალურ პოლიციას და სხვაგან გადავიყვანეთ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირიქით, უფრო მეტი პოლიციელი დგას დღესდღეობით საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე აქამდე იდგა.

რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით არსებულ სიტუაციას, იცით, რომ თითქმის ყველა რეგიონის მთავარ ქალაქში კონტროლდება შესასვლელები. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება ჩაკეტვა, როგორც ეს მარნეულში მოხდა, ჩვენი ჯანდაცვის ცენტრი თუ ამ რეკომენდაციას მოგვცემს, სწრაფად მოხდება პერიმეტრის გადაკეტვა|, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

GMnews-ის კითხვაზე, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების დარღვევებთან დაკავშირებით, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვების ამოქმედებისას უფრო მეტ დარღვევებს ელოდებოდნენ, თუმცა, არ დაფიქსირებულა.

,,ჩვენ უფრო მეტ დარღვევებს ველოდებოდით, თუმცა, გუშინ ღამით, როცა დაიწყო განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 დარღვევა გამოვლინდა, რაც ნამდვილად გასაკვირი იყო, უფრო მეტ სტატისტიკას ველოდებოდით. მთლიანობაში 350-მდე ჯარიმა დაიწერა, ეს არც რიგით პოლიციელებს უხარიათ და არც ხელმძღვანელობას, რომ მოქალაქეებს სანქციები დავაკისროთ, თუმცა, რიგ შემთხვევებში, იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ. 10-15-მდე საწარმოა დაჯარიმებული“, - განაცხადა შს მინისტრმა.

კვირის ამბები