შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სიტუიაციას გაეცნო. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ სიმშვიდეა და დღესდღეობით აღნიშნულ პერიმეტრზე უფრო მეტი პოლიციელი დგას, ვიდრე აქამდე იდგა.
მინისტრის თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები საოკუპაციო ზოლიდან სხვა ლოკაციაზე გადაიყვანეს.
„დავათვალიერეთ საოკუპაციო ხაზი. მანამდე ვიყავით სამეგრელოში, პრემიერ-მინისტრთან და რამდენიმე მინისტრთან ერთად. ასევე, ჩამოვედით ცხინვალის მიმართულებით და აქაც სიმშვიდეა. გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს ძალები მოვაკელით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და კრიმინალურ პოლიციას და სხვაგან გადავიყვანეთ. არანაირად, პირიქით, დღესდღეობით საოკუპაციო ზოლზე უფრო მეტი პოლიციელი დგას, ვიდრე აქამდე იდგა. რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით სიტუაციას, ყველა რეგიონის მთავარი ქალაქის შესასვლელ-გასასვლელი კონტროლდება, რათა თუ საჭირო გახდება და რეკომენდაცია იქნება მარნეულის და ბოლნისის მსგავსად რომელიმე ქალაქის ჩაკეტვის, სწრაფად განხორციელდეს გადაკეტვა,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.