საზოგადოება
01.04.2020 13:47
თუ მშობლები ორ შვილთან ერთად გადაადგილდებიან ავტომობილით, ეს საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევად ითვლება
საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში, პირადი ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის მოძრაობის აკრძალვა ოჯახის წევრებსა და მცირეწლოვან ბავშვებზეც ვრცელდება. მცირეწლოვანი ბავშვი, ასაკის მიუხედავად, ერთ პირად ითვლება და იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, მშობლები ორ შვილთან ერთად მოძრაობენ კერძო ავტომობილით, ეს საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევად ითვლება.
მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების თანახმად, სამართალდამრღვევი პირი (მძღოლი) 3 000 ლარით დაჯარიმდება.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გუშინ, 08:00 საათზე ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც გამკაცრდა უკვე არსებული შეზღუდვები. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ასევე, გამოცხადდა საკომენდანტო საათი, იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და
აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.
კვირის ამბები