გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საგუშაგოებზე განხორციელებული თერმოსკრინინგის შედეგად რამდენიმე მოქალაქეს ტემპერატურა დაუფიქსირდა, ყველა მსგავსი პაციენტი გადაყვანილია ტემპერატურის მართვის შესაბამის დაწესებულებებში და ამ დროისთვის, რაიმე გართულება არ შეინიშნება - ეს განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა საგუშაგოების შემოვლისას გააკეთა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, კომენდანტის საათის განმავლობაში შიდა ქართლში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
,,წუხანდელმა ღამემ რეგიონში მშვიდობით ჩაიარა, ე.წ. კომენდანტის საათის განმავლობაში დარღვევა არ დაფიქსირებულა, არ იყო რაიმე გართულებები. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონის მოსახლეობას, რომ მოქალაქეები სრული გაგებით მოეკიდნენ მთავრობის მიერ დადგენილ გამკაცრებულ პირობებს. რაც შეეხება საგუშაგოებს და ამ საგუშაგოებზე განხორციელებულ თერმოსკრინინგს, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ტემპერატურის, ყველა მსგავსი პაციენტი გადაყვანილია ტემპერატურის მართვის შესაბამის დაწესებულებებში და ამ დროისთვის, რაიმე გართულება არ შეინიშნება. სრულად კონტროლდება სიტუაცია რეგიონში შესაბამისი სამსახურების მიერ.
სტაციონარული საგუშაგოების გარდა, რეგიონის ტერიტორიაზე, ოთხივე მუნიციპალიტეტში, მუდმივ რეჟიმში გადაადგილდებიან შესაბამისი მობილური ჯუფები. დაახლოებით 60-მდე ჯგუფი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს რეგიონში არსებულ ვითარებას, მათთან კოორდინირებულ მუშაობას ვეწევით და რაიმე კითხვის, ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროულად ვახდენთ რეგირებას”, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.