საზოგადოება
31.03.2020 20:34
გორში მოწყობილ საგუშაგოებზე 3000-მდე მოქალაქე გადამოწმდა, მთლიანად, რეგიონში კი დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის ფარგლებში, გორის შესასვლელ-გასასვლელებში მოწყობილ საგუშაგოებზე პოლიციისა და თავდაცვის ძალების მხრიდან მოქალაქეების გადამოწმება უწვეტ რეჟიმში გრძელდება. საგუშაგოებთან მოწყობილ საველე სამედიცინო პუნქტებში გამვლელების თერმოსკრინინგიც მიმდინარეობს და ამავდროულად, სპეციალური ხსნარით ადეზინფიცირებენ გამვლელ მანქანებს.  

სტაციონარული საგუშაგოების პარალელურად, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, პოლიცია კონტროლს მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს.

შიდა ქართლში მოქმედი საგანგებო საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელის, მხარის გუბერნატორის ინფორმაციით, გორში მოწყობილ 5 საგუშაგოზე დღის განმავლობაში 3000-მდე მოქალაქე გადამოწმდა, მთლიანად, რეგიონში კი დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა.

,,გორის მუნიციპალიტეტის ხუთივე გამშვებ პუნქტზე, დილიდან ამ დრომდე, დაახლოებით 3000-მდე ადამიანი გადამოწმდა. სამედიცინო კუთხით რაიმე გართულებული შემთხვევა ამ დროისთვის არ ფიქსირდება, რაც შეეხება სამართალდარღვევებს, რეგიონის მასშტაბით გვქონდა 6 ადამიანის დაჯარიმების შემთხვევა, მათგან იყო თვითიზოლაციის წესების დარღვევა, ასევე, დადგენილი წესების დარღვევის ფაქტი ტაქსის მძღოლის მხრიდან, რომელმაც არ გაითვალისწინა მოქმედი რეგულაციები. სხვა მხრივ კი, მისასალმებელია, რომ საზოგადოება აბსოლუტურად გაგებით ეკიდება აღნიშნულ შეზღუდვებს და ვფიქრობ, რომ ასეთი პრევენციული ღონისძიებებით მაქსიმალურად ავიცილებთ თავიდან ვირუსის გავრცელებას”, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

კვირის ამბები