,,ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალეკო ლურსმანაშვილის განცხადებით, პირველი აქცია 10 ოქტომბერს გაიმართება სტალინის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
,,აქციები სისტემატურ სახეს მიიღებს, ამ ეტაპზე ორი ორგანიზაცია ჩავერთვებით - ,,ერთიანი კომუნისტური პარტია“ და ,,მეგობრობა და სამართლიანობა“, ინიციატივა სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის. აქციების გამართვა გორში იგეგმება, თუმცა, თუ სხვა ქალაქებიდანაც გამოთქვამენ სურვილს სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატივის მხარდამჭერები, გამორიცხული არ არის, აქციები სხვა რეგიონებშიც გაიმართოს. ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ძეგლი დაბრუნდეს მის პირვანდელ ადგილზე - გორის ცენტრალურ მოედანზე, მაგრამ ეს ძალზე რთულად მისაღწევია და ამიტომ, როგორც მინიმუმ, სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას მისი მუზეუმის მიმდებარე სკვერში, სადაც რამდენიმე წლის წინ ძეგლის დასადგმელად პიედესტალი გაამზადეს“, - განაცხადა ,,ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ლურსმანაშვილმა.