კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი საქონლის ბაზრობები დაიხურა, აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა GMnews-თან საუბრისას განაცხადა. მერმა, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად, ბაზრობებზე მოქალაქეთა ხალხმრავლობა დაასახელა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით მიიღეს.
გორის მერის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლი, ამასთან, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად აფრთხილებენ მოსახლეობას არსებულ საფრთხეებზე და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. „არსებული რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, გორის მერია განაგრძობს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეპარქიასთან არსებული „იოანე მოწყალის სახელობის უპოვართა სასადილოს“ ადმინისტრაციასთან და მათ მიერ მოწოდებული სიებით ვხელმძღვანელობთ. ამ დროისთვის, მერიის თანამშრომელბით დაკომპლექტებულ მოხალისეთა ჯგუფს 75-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახში მიაქვს სადილი. გარდა ამისა, ამ მძიმე პერიოდში, ძალიან ბევრმა მოქალაქემ გამოთქვა გაჭირვებულთა დახმარების სურვილი. ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე სოციალური სამსახურის მიერ მოწოდებული სიებით ვხელმძღვანელობთ და ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოხალისეთა ჯგუფის წევრები მოქმედებენ შესაბამისი რეკომენდაციებით. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის გვერდში დგომით და არსებული რეკომენდაციების დაცვით მალე დავამარცხებთ ამ გამოწვევას და ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, გორის მერიამ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობისთვის ყოველთვიური სატრანსპორტო ხარჯები გამოყო (ქალაქის მაცხოვრებლები 150 ლარი, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები - 300 ლარი), გარდა ამისა, მეორე დღეა დაიწყო იმ ექიმების უფასო სატრანსპორტო მომსახურებაც, ვინც სამსახურში სოფლიდან დადის.