გორში მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები დილიდან ერთობლივად ახორციელებენ.
შიდა ქართლში ამოქმედდა საგანგებო საოპერაციო შტაბიც, რომელსაც მხარის რწმუნებული ხელმძღვანელობს. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების დარღვევის ფაქტები რეგიონში დღეს არ დაფიქსირებულა.
,,გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში გვაქვს 5 გამშვები პუნქტი, ხუთივე გამშვებ პუნქტზე არის განსაკუთრებულად გამკაცრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში შემსვლელ თითოეულ ადამიანზე, ხდება მათთან გასაუბრება, თერმოსკრინინგი და ასევე, მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კვლევა და ინფორმაციის მოძიება ხდება. ამის გარდა, რეგიონში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის პირობების გათვალისწინებით, სხვა შეზღუდვებიც ამოქმედდა, კონკრეტულად, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე, როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე ავტომობილებით გადაადგილების შემთხვევები შეიზღუდა, მხოლოდ დასაშვები იქნება განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევებში. ასევე, ფუნქციონირებას გააგრძელებენ მხოლოდ ის ობიექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის. რაც შეეხება საგანგებო საოპერაციო შტაბს, აღნიშნული შტაბი შეუდგა ფუნქციონირებას საგანგებო რეჟიმში. ყველა უწყების წარმომადგენელი, რომელსაც რაიმე ტიპის შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს საგანგებო მდგომარეობასთან, ჩართულია აღნიშნული შტაბის ფუნქციონირებაში და ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ. რაც შეეხება დღეს დილისდან ამოქმედებულ პირობებს, ამ დროისთვის დარღვევის ფაქტი არ ფიქსირებულა", - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა. .