საზოგადოება
31.03.2020 11:36
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით შეჩერდება
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორებისა და მსგავსი პროფილის დაწესებულებების საქმიანობა. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.
 
ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, ინტერნეტ გადახდის სერვისებით ისარგებლონ.
 
„იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - info@nbg.ge. ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. დარჩი შინ“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვირის ამბები