5 ლოკაციაზე, გორში შემსვლელ და გამსვლელ ძირითად გზებზე საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საკონტროლო გამშვები პუნქტი გორის ყველა შესასვლელში განთავსდა და დილიდან ფუნქციონირება დაიწყო.
საგუშაგოებზე საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლი მიმდინარეობს.
საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, გორში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეწყდა.
მოძრაობს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები და ტაქსები. კონტროლდება, რომ ავტომობილში მხოლოდ სამი ადამიანი იმყოფებოდეს და დადგენილი წესის მიხედვით, აქედან ორი უკანა სავარძელზე იჯდეს.
ყველა მოქალაქემ, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებულ პირობებში 7 ქალაქში მოეწყო საკონტროლო პუნქტები - თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთსა, ზუგდიდში.
ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა ე.წ. კომენდანტის საათი და 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება აიკრძალა.