საზოგადოება
30.03.2020 22:29
საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებულ პირობებში, გორში, სავარაუდოდ, 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყობა

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გორის ყველა შესასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტი ამაღამ განთავსდება და ხვალ დილიდან ფუნქციონირებას დაიწყებს.

GMnews-ის ინფორმაციით, გორის ყველა შესასვლელში, ძირითად გზებზე 5 საკონტროლო პუნქტის მოწყობა იგეგმება. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები განახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებულ პირობებში 7 ქალაქში მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთსა, ზუგდიდში.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პუნქტების მოწყობა იგეგმება  საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების, ასევე, მოქალაქეების პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით  ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი - 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

ხვალ დილის 8 საათიდან კი, ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი და აქედან ორი  უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე.

საქართველოს ყველა მოქალაქემ, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვირის ამბები