ტურიზმი
30.03.2020 21:25
გორში ელექტრონული ტურისტული გზამკვლევი იქმნება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ყველა ტურისტულმა ობიექტმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა, თუმცა, დაწესებულებების ადმინისტრაციები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Gmnews-ს გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა მიაწოდა.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, სასარგებლოდ გამოვიყენოთ ეს პერიოდი. შევიმუშავეთ რამდენიმე სამომავლო გეგმა. კერძოდ, მუშაობა დავიწყეთ გორის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევზე, რომელიც ინტერნეტ სივრცეში განთავსდება. ვფიქრობთ, როდესაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ტურისტები სიამოვნებით ისარგებლებენ ამ საშუალებით. ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის, ასევე, მომზადდება ელექტრონული საინფორმაციო მასალა და ფოტოკოლაჟი, რომლის დახმარებითაც ინდივიდუალურად ჩამოსული ტურისტები მარტივად იმგზავრებენ თუნდაც თბილისიდან გორის მიმართულებით და ასე შემდეგ“, - აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის, უკვე დაასრულდა გორის ტურისტულ ფერად რუკაზე მუშაობაც, რომელიც შემდგომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით ვიზიტორებს დაურიგდებათ.
კვირის ამბები