საზოგადოება
30.03.2020 19:02
დაიკეტა ყველა სანოტარო ბიურო, ასევე დაიხურება საჯარო რეესტრებისა და იუსტიციის სახლების ფრონტ-ოფისები - თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით დღეიდან, საქართველოში ყველა სანოტარო ბიურო დაიხურება. ამასთან, დაიკეტება ყველა იუსტიციის და საჯარო რეესტრის ფრონტ-ოფისები.

როგორც იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოქვეყნდება ის ლოკაციები, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება.

„მე, როგორც უწყების ხელმძღვანელს, გამიჩნდა გრძნობა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება წინააღმდეგობაში იყო უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან. ბოლო დღეებში კი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს გაუჭირდა ფეხი აეწყო საფრთხისთვის, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეს ყველა სანოტარო ბიურო საქართველოში დაიკეტოს. დღეიდან, ასევე დაიკეტება რეესტრებისა და იუსტიციის სახლების ყველა ფრონტ-ოფისი, მაგრამ სერვისების გაცემა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სანოტარო მომსახურებისა. დაგვჭირდება ორი დღე, რომ შევიმუშავოთ და გამოვაქვეყნოთ ის პირობები, რომელშიც რეესტრები გააგრძელებენ შეძლებისდაგვარად მუშაობას, რომ მოქალაქეებმა მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები. მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება ის ლოკაციები, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდული ოდენობით, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება და გამოქვეყნდება იმ ფრონტ-ოფისების ფილიალების სია, რომელიც მოსახლეობას გაუწევს მომსახურებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კვირის ამბები