საზოგადოება
30.03.2020 18:24
ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია - გიორგი გახარია

ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს ინფიცირების სამი შემთხვევა, როცა დაავადების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.

„დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში covid-19-ის დიაგნოზი 100 პაციენტს აქვს დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4978 პირი, სტაციონარში, მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ კი - 266 მოქალაქე იმყოფება.

კვირის ამბები