საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, მოქალაქეებს კი, ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება.
„ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს დაგვიანების უფლება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზომების გამკაცრების შესახებ და ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს. ხვალ დილის 8 საათიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი და აქედან ორი ადამიანი უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაწყვანის მიზნით," - განაცხადა გახარიამ.
საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ასევე იკრძალება 3 პირზე მეტის შეკრება. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია (ორი მეტრი) უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.