საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებულ პირობებში 7 ქალაქში - თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთსა, ზუგდიდში - საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, პუნქტების მოწყობა იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე, მოქალაქეების პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით.
„პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები”, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.