საზოგადოება
30.03.2020 13:23
შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

შიდა ქართლის სოფლებში, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე დასახლებებშიც, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ადგილობრივ ფერმერებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები, დარგობრივ საკითხებთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული უსაფრთხოების ნორმებზეც აწვდიან ინფორმაციას.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი და შიდა გუბერნატორი რეგიონში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებს გაეცნენ და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ წითელუბანში, აჭარიდან ეკომიგრანტი ფერმერის, მერაბ შავაძის ახლაგაშენებული ბაღი მოინახულეს.

,,დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელდება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დადგეს. დარგობრივი საკითხების გარდა, ჩვენი სპეციალისტები აგროსექტორში დასაქმებულებს კონსულტაციებს უწევენ ვირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შემუშავებულ რეკომენდაციებზეც“, - განაცხადა სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.

,,საგაზაფხულო სამუშაოები რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს, დაცულია არსებული რეკომენდაციები. რაც შეეხება წითელუბანს, მერაბ შავაძემ პროგრამის - ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში, 10 ჰექტარ ფართობზე სხვადასხვა მრავალწლოვანი კულტურების ბაღი გააშენა. მთლიანობაში, 87 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 57 500 ლარს შეადგენს. შიდა ქართლის რეგიონში, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, გაშენდა 2250 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ხეხილი ბაღი, სახელმწიფო თანდაფინანსებამ 14 572 000 ლარი შეადგინა. შეიქმნა 28 ახალი და გაფართოვდა 111 საწარმო, ახალ საწარმოებში განხორციელებულმა სრულმა ინვესტიციამ შეადგინა 37 მილიონ ლარზე მეტი. ახლადშექმნილ საწარმოებში შეიქმნა 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი”, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

კვირის ამბები