საზოგადოება
30.03.2020 13:13
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემა დღეს დასრულდება
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემა დღეს დასრულდება. აღნიშნულის შესახებ Gmnews-ს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორმა განუცხადა. ლია კოვზიაშვილის თქმით, ამ დროისთვის 8 დასახელების პროდუქტი თითქმის ყველა დაწესებულებაში გაიცა, დარჩენილია მხოლოდ 1-ლი და მე-12 ბაღი სადაც მიმდინარე პროცესი დღეს დასრულდება.
„ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაცემა მერიის გადაწყვეტილებით განხორციელდა. ჯამში, დაგეგმილი გვქონდა არამალფუჭებადი საკვების 6000 ოჯახისთვის გადაცემა. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით, პროდუქტების დარიგება 27 მარტს დავიწყეთ და თითქმის დავასრულეთ. გამონაკლისი მხოლოდ 1-ლი და მე-12 ბაღია, სადაც რამდენიმე მშობელმა გვთხოვა პროცესი ორშაბათამდე გადაგვეწია. რაც შეეხება იმას, ვაპირებთ თუ არა ანალოგიურ ქმედებას, გეტყვით რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიხედვით ვმოქმედებთ და შემდგომ გადაწყვეტილებებსაც აღნიშნულის მიხედვით მივიღებთ“, - განაცხადა კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 16 მარტიდან, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი აღარ განახლებულა.
კვირის ამბები