უსაფრთხოების გაძლიერებული ღონისძიებები რეგიონში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთავარი მექანიზმია, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვების პარალელურად, დღეს საკვირაო აგრარული ბაზრებიც დაიკეტა. აღნიშნულის გარდა, რეგიონის ტერიტორიაზე რამდენიმე მობილური ჯგუფი დაემატა, რის მეშვეობითაც მოსახლეობას არსებულ საფრთხეებზე აწვდიან ინფორმაციას და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
,,შიდა ქართლის ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების პრეცედენტზე უკვე არსებობს ვარაუდი, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ინფექციის გავრცელების მასშტაბების შესამცირებლად. კვირა დღეს, რეგიონის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ადგილზე მოქმედებს საკვირაო ბაზარი, სადაც მეტადაა ხალხმრავლობა. აქედან გამომდინარე, გავრცელების შესაძლო საფრთხე რომ მინიმუმადე დავიყვანოთ, საკვირაო ბაზრების დაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული და დღეს დილით აღარ გაღებულა.
პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, დღეს კიდევ დავამატეთ რამდენიმე მობილური ჯგუფი, ეს ჯგუფები მთელი რეგიონის მასშტაბით მოძრაობენ ავტომობილებით, რომლებზეც ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული და მოსახლეობას დამატებით აწვდიან ინფორმაციას არსებულ საფრთხეებზე. რეგიონის იმ ტერიტორიებზე კი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული, ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდებისთვის, მათ მშობლიურ ენაზეც ვაწვდით ხმოვან გაფრთხილებას“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა. გიგი ხოჯევანიშვილი რეგიონის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახლში დარჩენისკენ.