გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ.
სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, ექვსივე მათგანი 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი კი კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმშია.
,,ამჟამად, გორის ჰოსპიტალში 50 პაციენტია მოთავსებული, მათგან, 29 სამხედრო მოსამსახურე და 12 სამოქალაქო პირია. აღნიშნულის გარდა, 9 პაციენტი შემოყვანილია ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისიდან.
რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს - ჩვენთან იმყოფება 9 პაციენტი კორონავირუსის დადასტურებით, აქედან, 6 დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა წუხელ, ექვსივე მათგანი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, ორ მათგანს უფიქსირდება პნევმონია და დანარჩენთან შედარებით მსუბუქი კლინიკით მიმდინარეობს დაავადება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თითოეულ მათგანთან კვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები.
მათ შესახებ ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და მიმდინარეობს აღნიშნული პირების დაკვირვება. კონტაქტში მყოფი რამდენიმე პირიც მოთავსებულია ჩვენს საკარანტინო სივრცეში.
რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ შემოყვანილ სამ ინფიცირებულს, ერთის - 61 წლის მამაკაცის მდგომარეობაა ყველაზე საყურადღებო, რომელსაც კვლავ აღენიშნება პნევმონია და ცხელება, თუმცა, უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება.
მოგახსენებთ როტაციებზეც - გუშინ 28 სამხედრო მოსამსახურე დაუბრუნდა დანაყოფს. ისინი მოთავსებულები იყვნენ კარანტინში დაკვირვების მიზნით და გამოერიცხათ კორონავირუსით ინფიცირება“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა.
რაც შეეხება ვირუსის გადადების წყაროს, ბარლიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება. უწყების ინფორმაციითვე, გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებულ თანამშრომლებს სხვა სამხედრო ნაწილებთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.
დასუფთავების სამსახურის ყველა ინფიცირებული თანამშრომელი ქალია.