სპორტი
28.03.2020 12:22
ოლიმპიადა, რომლისთვისაც მთელი მსოფლიოს სპორტული სამყარო ემზადებოდა, გადაიდო - ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი გადადებულ ოლიმპიადაზე

ახალმა კორონავირუსმა მიმდინარე წლის ზაფხულში გასამართი ტოკიოს ოლიმპიადა შეიწირა. მასშტაბური შეჯიბრებისთვის, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, მთელი მსოფლიოს სპორტული სამყარო ემზადებოდა.

ოლიმპიადის ჩასატარებლად ბოლომდე მაქსიმალურად იბრძოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და უშუალოდ ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტიც, მაგრამ სპორტული ფორუმი გადაიდო.

ოლიმპიადაზე მონაწილეობის კანდიდატები გორიდან თავისუფალი სტილის მოჭიდავეები და ძიუდოისტები იყვნენ. პირველად, ოლიმპიადაზე მონაწილეობის შანსი ჰქონდა გორელ ბირთვის მკვრელს, გიორგი მუჯარიძესაც.

სამწუხაროდ, მსოფლიოს უმთავრესმა სპორტულმა შეჯიბრებამ ერთი წლით გადაიწია და ჩვენი სპორტსმენებისგან წარმატებების მოპოვების მოლოდინიც  გადავადდა.

ოლიმპიადაზე მონაწილეობის გორელმა კანდიდატებმა, ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადის გადადებასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ სპორტსმენებისა და მაყურებლისთვის უსაფრთხო გარემო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოლიმპიადის გადადება დიდი სიურპრიზი არ ყოფილა, ვხვდებოდი, რომ ასეც მოხდებოდა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ვირუსი მსოფლიოს მოედო და მთავარი ჯანმრთელობაა. თუ ჯანმრთელობა და მშვიდობა არ იქნება, ცხადია, არც შეჯიბრება აინტერესებს ვინმეს და არც მედლები. ეს ყველაფერი მშვიდობის და ადამიანების ჯანმრთელობის შემდეგ მოდის”, - აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.

,,რა თქმა უნდა, ჯობდა, არ გადადებულიყო, რადგან დაწყებული მქონდა მიზანმიმართული მომზადება ოლიმპიადისთვის, თუმცა, რადგან ასე გადაწყვიტეს, მაშასადამე, ასე იყო საჭირო. ჩვენც მოვემზადებით ახალი წლისთვის, ახალი შემართებით და განწყობით. ახლა, მთავარია, ვირუსი დავამარცხოთ, რათა ოლიმპიდაზე დაზღვეული იყოს მაყურებელიც, სპორტსმენებიც და მთელი მსოფლიოს საზოგადოებაც“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

 

კვირის ამბები