იტალიაში სულ უფრო მატულობს კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში დაღუპულთა რიცხვი რეკორდულია - 919 ადამიანი.
იტალია წითელ ზონად 10 მარტს გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყო, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იტალიის მთავრობამ საკმაოდ გვიან დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ვირუსთან ბრძოლაში ბევრი შეცდომა დაუშვა. გარდა ამისა, მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის - იტალიელი ხალხის ხასიათს და წეს-ჩვეულებებს.
მედიკოსები ამბობენ, რომ ვირუსის ასეთი მასშტაბით გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იტალიელების ცხოვრების წესია. თითქმის ყველა მათგანი დილას კაფეში ყავის სმით იწყებს და ყელა მათგანი რესტორანში ვახშამს ანიჭებს უპირატესობას. ეს ჩვეულება კი, ექსპერტების თქმით, იტალიელების დიდ ნაწილს არც პანდემიის გამოცხადების პერიოდში დაუვიწყებია. რისკფაქტორად თვლიან სხვა იტალიურ ჩვეულებებსაც. სოციალური დისტანცის მოწოდების მიუხედავად, იტალიელები მეგობრებსა და ახლობლებს ორივე ლოყაზე კოცნით ესალმებოდნენ.
კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ჯანდაცვაში ჩადებული ნაკლები ფინანსები. არსებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩადებული ინვესტიციები 6,8%-ია, რაც მკვეთრად ჩამორჩება სხვა ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებს.
Scientific American-თან მიჩიგანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეპიდემიოლოგი ობრი გორდონი იმასაც ამბობს, რომ ერთ-ერთი სარისკო ფაქტორი მწეველებსაც უკავშირდება. ,,კორონავირუსი რესპირატორული დაავადებაა, რომელიც იწვევს პნევმონიას, სუნთქვის უკმარისობას და ყველაზე ცუდ შემთხვევაში სიკვდილს. მოწევა კი ასუსტებს ფილტვების მუშაობასა და იმუნურ სისტემას, ასევე იწვევს მძიმე რესპირატორულ დაავადებებს. კვლევების მიხედვით, იტალიაში მოსახლეობის 21%-ზე მეტი მწეველია“, - ამბობს გორდონი.
ლომბარდიის რეგიონის ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი, ლორენცო კაზანი კი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ იტალიაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ჰაერის დაბინძურებაც.
ჰაერის მონიტორინგის შვეიცარიული პლატფორმა IQAir-ის ანგარიშში, სადაც 100 ყველაზე დაბინძურებულ ევროპულ ქალაქზეა საუბარი, ამ ასიდან 24 ქალაქი იტალიაშია.