საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის გათვალისწინებით მიიღო.
„ამ დრომდე, ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას. გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება.
ცნობისთვის, მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ დაჯარიმდებიან.