სამართალი
27.03.2020 22:37
კარალეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა 2 კი დაშავდა

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე, კარალეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

მორიგე ქირურგის, ლექსო ხეთაგურის ინფორმაციით, ერთი პაციენტის, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი კრიტიკული მედიცინის  დეპარტამენტშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მეორეს კი, რომელსაც ზედა კიდურის მსუბუქი ტრავმა აღენიშნებოდა, ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა უკვე დატოვა.

,,ავარიის შედეგად კლინიკაში ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას ზედა კიდურზე უფიქსირდებოდა მსუბუქი ტრავმა, ტრავმატოლოგის მხრიდან გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და გაეწერა ბინაზე.

აღნიშნული ორი დაშავებულის გარდა, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემთხვევის ადგილიდან კიდევ ერთი პირი გადმოიყვანა, თუმცა, კლინიკაში შემოყვანისას გვამი იყო“, - განაცხადა ლექსო ხეთაგურმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

კვირის ამბები