მას შემდეგ, რაც Covid 19-ის გავრცელების გამო მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობა სწორედ ამ ვირუსულ ინფექციაზე წერს. ბევრი გამოთქვამს სუბიექტურ მოსაზრებას, ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობისა და ჯანდაცვის სექტორის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.
სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გორელი ექიმი, ,,გორმედის“ თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია მღებრიშვილი.
,,მიდის გაუთავებელი მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაამარცხა ჩინეთმა ასე ადვილად ვირუსი. ზოგი იმასაც ამბობს - ალბათ ჩინელებს ვაქცინა აქვთ და მალავენო. თუმცა, მე ვფიქრობ, ჩინეთმა იმით აჯობა დასავლურ სამყაროს, რომ იქ, ერთი ადამიანის თავისუფლებას მასების უსაფრთხოებაზე მაღლა არ აყენებენ”, - წერს სოციალურ ქსელში ექიმი გია მღებრიშვილი.