საზოგადოება
27.03.2020 17:51
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია 30 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებელებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას თვის ბოლოდან დაიწყებს. უწყების ცნობით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ვებგვერდზე - online.naec.ge შეუძლიათ.

ამასთან, სამინისტროში განმარტავებნ, რომ დაინტერესებულ პირებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ კონსულტაციებს ყოველ ხუთშაბათს სთავაზობს. მსურველებს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, პასუხი ყველა კითხვაზე მიიღონ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება; მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე. თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის, ის საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს.
კვირის ამბები