კულტურისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“ დროებით დაიკეტა, როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა GMnews-თან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო.
„მიუხედავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა, „ახალბაღის“ ტერიტორიაზე მაინც შესამჩნევი ხალხმრავლობა ფიქსირდებოდა, განსაკუთრებით, სავარჯიშო ზონაში, ამიტომ, ქალაქის ხელმძღვანელობამ, მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარკის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ბუნებრივია, ამ დროისთვის, ვერ გეტყვით, როდემდე გასტანს ეს შეზღუდვა, მოვლენების განვითარების პარალელურად ვიმოქმედებთ,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ბაჩანა გვიანიშვილმა.
ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები, ქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო ღონისძიებებს ეტაპობრივად ახორციელებენ. სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამუშაოები, საჭიროებისამებრ, პერიოდულად ჩატარდება და ძირითადა, იმ ადგილებზე კეთდება აქცენტი, სადაც ხალხმრავლობა ფიქსირდება - ხიდები, ცენტრალური ქუჩები, სკვერები, სავაჭრო ობიექტებისა და ბანკების მიმდებარე ტერიტორიები. გარდა ამისა, ბაჩანა გვიანიშვილის ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლები ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორეცხვის სამუშაოებს ყოველდღიურად აწარმოებენ.